ალეკო ელისაშვილი: შეთანხმების გარეშე მომდევნო სხდომებზეც არ შევალთ

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის არც პირველ სხდომაზე იყვნენე და არც 22-ე სხდომაზე შევლენ პარლამენტში თუ შეთანხმება არ მიიღწევა.

მისი თქმით, „მოქალაქეები“-სთვის შეთანხმების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო რეფორმაა.

„რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ე.ი. შენ ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით. უბრალოდ, ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით და ხელს მოვაწერთო. ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება. „ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ „ქართული ოცნების“ დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მისი დამარცხება და უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული. “,- აცხადებს ელისაშვილი.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა „საზიზღარი არჩევნები, რომელიც გაყალბდა“.

„ ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. ჩვენ ახლა გვეუბნება „ქართული ოცნება“ დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. თუ ოპოზოციაში გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტიას აქვს, მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.