სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ შესატან ცვლილები 81 ხმით მიიღო.

კანონს ეცვლება სათაური და მისი სახელწოდება იქნება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

პარლამენტის ცნობით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონის პროექტით განისაზღვრება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

კანონით განისაზღვრა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი.

კანონპროექტში შეიცვალა ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებისა და მისი შედეგების დეტალებს.

კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაში ეწერა, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან ყველა თანამშრომელი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობებიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებდა მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.

ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.

ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა