ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეშფოთება გამოხატა, განსაკუთრებით კი იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს თანამშრომელთა დათხოვნას სამსახურიდან.
„ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, შეშფოთება გამოგვეხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, განსაკუთრებით იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი პერსონალის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენ გვქონდა ასევე შეკითხვები პროცესის დაჩქარებულად წარმართვასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს შეშფოთებას, რასაც ძალიან ვაფასებ.
ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცვლის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დისციპლინარულ პროცედურას და ასევე განვიხილეთ სხვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემავალი ცვლილებები. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს პროცესის გადადებისკენ მოუწოდა.
„ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ გადადონ პროცესი. მე მოვისმინე, რომ სასამართლო რეფორმის განხილვების პროცესის დაწყება იანვარში იგეგმება.
ჩვენი რეკომენდაციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად და წარიმართოს გამჭვირვალედ. იმედი მაქვს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები ჩვენს შეშფოთებას სერიოზულად განიხილავენ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე განიხილოს ეს კანდიდატურა.
„ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება, განიხილოს ეს კანდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც.
ამავე თემაზე: