„საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანულ კანონში ცვლილებები განხორციელდა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 81 ხმით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებები. უსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება - ამიერიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ასევე მცირდება და ყველა ეტაპზე ნახევრდება დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები.

გარდა ამისა, იზრდება მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება. კანონპროექტი განხილვის პროცესში დაკორექტირდა და ინიცირებული ვარიანტი სამ საკითხთან დაკავშირებით ჩასწორდა.

კერძოდ, კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინიცირებული პროექტიდან ამოიღეს, საქმეებისგან მოსამართლის ჩამოცილებას ეხება, თუკი მოსამართლის მიმართ ორი ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნა იყო დაწყებული.

პროექტიდან ასევე ამოღებულია ჩანაწერი, რომლითაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის დარღვევა, თუმცა შენარჩუნდა და კანონში აისახება, საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის კრიტერიუმი.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოსამართლეთა მიმართ ისეთი სახის სადისციპლინო სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.

ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა