სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი უწყების გაუქმების კანონს ვეტოს დაადებს

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მისი უწყების გაუქმების კანონის დამტკიცების შემდეგ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით; თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის, პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს; დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და თქვა რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე; თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს რომ გამოეძიებინა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები; თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ დანაშაულის ჩამდენი მოძალადე მოხელეები; თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა რომ მას უქმნიდნენ პრობლემებს და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და არ აწვდიდნენ მტკიცებულებებს - დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეთა დასასჯელად; თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად ადგა ევროპულ გზას და ამკვიდრებდა ახალ, ევროპულ სტანდარტებს; თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და თქვენ ეს ბოლო 3 დღეში თვალნათლივ დაინახეთ; დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ბედავდა და თამამად გამოხატავდა მის კრიტიკულ მოსაზრებას, მაშინ როცა ეს რეფორმები იყო ფასადური; თქვენ დღეს გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან; თქვენ დღეს გადადგით ნაჯიბი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან; თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება.

მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ბოლო 3 დღეა ვუყურებთ.მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს კეთილსინდისიერი და ღირსეული მუშაობისთვის.მე მინდა მადლობა გადავუხადო მოადგილეებს გიორგი გამეზარდაშვილს, სოფიო ჯიაძეს და სალომე ბახსოლიანს ამ სამსახურის შექმნისთვის და ღირსეული და გაბედული გადაწყვეტილებებისთვის.ეხლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს.ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა!მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.