ნათია თურნავა: 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ

"დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება, ასევე ტურიზმის გამოცოცხლება და აღდგენა.

მისი თქმით, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, განთავსების ობიექტებში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვ.

„ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა