„მე-10 მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს და ინსტიტუტებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "დღის ქრონიკა".
„ეს არის კლასიკური ნიმუში ანტიდასავლური პროპაგანდის, რომელიც წარმოებს პარტიული ტელევიზიების ეთერში. ისინი ცდილობენ ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც არ გამოუვათ. საქართველოში პროდასავლური კურსის მომხრე მინიმუმ 80 %-ია საზოგადოების. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური ძალების („ევროპული საქართველოს“, „ნაცმოძრაობის“, ბურჯანაძის და ა.შ) შანსი ნულოვანია. აქედან გამომდინარე, მათ თვითგანადგურების რეჟიმი აქვთ ჩართული, ეს კარგია იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია ჯანსაღი ფორმით ჩამოყალიბდეს და განვითარდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროცესები კარგად ვითარდება და შედეგად ისეთ პარლამენტს მივიღებთ უახლოეს მომავალში, რომელიც სჭირდება ჩვენი დემოკრატიულ სისტემის გავითარებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკური ძალების თვითმიზანი მოლაპარაკებების ჩაშლაა, მათ შეიცვალეს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი და ვექტორი.
„მეათე მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს და ინსტიტუტებს. მაგრამ უნდა ვიყოთ პარტიები, რომლებიც ემიჯნებიან ასეთ პოლიტიკას და რუსულ ვექტორს. შესაბამისად, ეს ლუსტრაცია საბოლოო ჯამში განხორციელდა და საბოლოო ჯამში, პარლამენტში ჩამოყალიბდება ჯანსაღი, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძის აღნიშნა, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმის უკან გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია დგას.