ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე: ჩემი გადადგომა ახალ მინისტრს არ უკავშირდება. ცოტა უნდა დავისვენო

გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და მისი თანამდებობიდან წასვლა ახალი მინისტრის დანიშვნას არ უკავშირდება.

მან განმარტა, რომ თანამდებობის დატოვებაზე ინფორმირებული იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

„თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე. წლის ბოლოს აღვასრულე დიდი და რთული შრომიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავწიეთ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ცოტა უნდა დავისვენო, შემდგომში უფრო მეტად ნაყოფიერად უნდა გავაგრძელო მუშაობა, სადაც სამშობლოს დასჭირდება. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ ეს აუცილებელი იყო. ეს არ უკავშირდება ახალ მინისტრს. ეკატერინე ტიკარაძესთანაც მქონდა აღნიშნულ საკითხზე საუბარი“, - განმარტავს წოწკოლაური „ინტერპრესნიუსთან“

ცნობისთვის, გიორგი წოწკოლაური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა