სამხრეთ აფრიკამ კომენდანტის საათის წესები გააუქმა. ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანამ შესაძლოა, უკვე გადალახოს კოვიდინფექციის მეოთხე ტალღის პიკი.
მთავრობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ძალიან გადამდები იყო, ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ვიდრე ეს წინა ტალღების დროს იყო.
სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა თითქმის 3,5 მილიონი შემთხვევა და 90,000-ზე მეტი დაიღუპა პანდემიის დროს - მეტი, ვიდრე აფრიკის სხვა ქვეყანაში.
„ომიკრონის“ ტალღას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ებრძვის.
მაგალითად, ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია. ქვეყანაში 30 დეკემბერს, სექტემბრის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთში ზედიზედ მეორე დღეა, 200 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ინდოეთში, კოვიდინფექციების გავრცელების ზრდამ აიძულა მთავრობა, გაემკაცრებინა შეზღუდვები, მათ შორის ღამით დაეწესებინა კომენდანტის საათი ყველა დიდ ქალაქში.
პორტუგალიამ თვითიზოლაციის პერიოდი უსიმპტომო პაციენტებისთვის 10-დან შვიდ დღემდე შეამცირა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.