რიგ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე დომინანტურია, რეკომენდაციებს ცვლიან. მათ შორის არის შეერთებული შტატები, რომელმაც გაიდლაინი 27 დეკემბერს განაახლა.
უფრო კონკრეტულად, შეერთებული შტატატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) პანდემიის დროს მოქმედი გაიდლაინის ნაწილს ცვლის. კერძოდ, უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებისთვის საკარანტინე პერიოდს 10-დან ხუთ დღემდე ამცირებს, თუმცა მათთვის მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება იზოლაციის შემდეგ, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში.
მსგავსი წესი ვრცელდება არავაქცინირებულებზეც. მათ, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან და არ არიან ვაქცინირებული, იზოლაციის გავლა ასევე 5 დღის განმავლობაში მოუწევთ. „ბუსტერ“ დოზით აცრილებს კი არ სჭირდებათ კარანტინი, მაგრამ უნდა ატარონ ნიღაბი ამ შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში.
„ომიკრონი“ დომინანტურია ბრიტანეთშიც. ინგლისში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე კორონავირუსის პანდემიის მართვის პროტოკოლი იცვლება.
კერძოდ, კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ, შეწყვიტონ თვითიზოლაცია აქამდე დადგენილ ვადამდე სამი დღით ადრე, თუ მათ ორჯერ უარყოფითი ტესტის შედეგები ექნებათ.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ადამიანებმა არ უნდა დაასრულონ იზოლაცია ადრეულ ეტაპზე, თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ სიმპტომები. კარანტინის დასრულება 10 დღის ნაცვლად შვიდი დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება საქართველოს, „ომოკრონი“ ქვეყანაში დომინანტური სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გახდება, თუმცა ქვეყანა ჯერ რეკომენდაციების შეცვლას არ ჩქარობს. სპეციალისტები შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ყოველდღიური მაჩვენებელი 15000-ს მიაღწევს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „ომიკრონის“ მთავარი რისკი არის სწრაფი გავრცელება და ასეთ შემთვევაში მნიშვნელვანია საწოლფონდის მობილიზება.
მისი თქმით, საველე ჰოსპიტლების გამოცდილებაც აქვს ქვეყანას და ესეც არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აცრებზე გამახვილდეს ყურადღება.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით რეკომენდაციები იცვლება, ქვეყნები ცვლიან თავიანთ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ და რაღაც ქაოტურ გადაწყვეტილებებში არ შევიდეთ, ეტაპობრივად მივყვეთ პროცესებს. დავიცვათ ზედმიწევნით ის წესები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან სტაციონარში 3 ადამიანია მოთავსებული