საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის ვირუსს 42 ახალი მუტაცია აღენიშნება, აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია პირველად 6 დღის წინ გავრცელდა და ის საფრანგეთში კამერუნიდან ჩასულ ადამიანს აღმოაჩნდა.
„განიხილავს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მუტაციას „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიად თუ დარჩება „ინტერესის მუტაციის“ კატეგორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ყველაზე მთავარია ამ მუტაციის შეფასება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეაფასებს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ამ მუტაციას შეშფოთების მუტაციად, ანუ მუტაციად, რომელიც უფრო სწრაფად გადამდებია, მძიმე დაავადებას იწვევს და რომლის წინააღმდეგ ვაქცინები არის არაეფექტური - ეს არის 3 ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გვჭირდება ამ კამერუნული შტამის შესაფასებლად.
ასეთი მუტაციები ბევრია და მარტო 2021 წლის განმავლობაში 3 ასეთი მუტაცია ვიხილეთ. შესაძლებელია, ახალი მუტაცია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე „დელტა“ შტამია, ამიტომ ამას სჭირდება შეფასება. საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, ძალიან ადრეა. საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა. მსგავსი რაოდენობით მუტაცია არცერთ ვირუსს არ ჰქონია“, - განაცხადა ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფრენციაზე.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.