თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ დაფიქსირდა დღეს კორონავირუსის 3590 ახალი შემთხვევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რატომ დაფიქსირდა დღეს კორონავირუსის 3590 ახალი შემთხვევა. თამარ გაბუნიას თქმით, ახალი წლის დღეებში, სხვა პერიოდთან შედარებით ნაკლები კოვიდტესტი ჩატარდა. შესაბამისად, დაგროვდა შემთხვევების რაოდენობა, რაც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს.

„თუმცა საშუალო მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში არის - 2000, რაც წინა კვირებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც საყურადღებოა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება.

დღეს სულ დადასტურებულია 148 შემთხვევა, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შესძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა „ომიკრონს“ არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს ვაქცინაციის ტემპი და დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი შტამის წინააღმდეგ განსაკუთრებით იცავს „ბუსტერ“ დოზა.

„მობილიზებულია კლინიკური სექტორი, დღეისთვის დატვირთვა არ არის მაღალი, საწოლების 50 პროცენტი თავისუფალია, აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ამის შესაძლებლობა არსებობს. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვასა და იმ რესურსების მობილიზებაზე, რომ დიდი ნაკადები ვმართოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.