მიხეილ სააკაშვილი: იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორად დააწყობს გეგმებს

„იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორად დააწყობს გეგმებს, სწორ კოორდინაციას გააკეთებს და გააგრძელებს ამ ერთიანობას“ - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook live-ის ეთერში.

რაც შეეხება არჩევნებს, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ყველამ გაიგო, ივანიშვილისთვის დიდი კრახია.

„ჩვენ მეორე მხარეს გვყავს ცბიერი მოწინააღმდეგე, მაგრამ ძალიან ჩამოშლილი. ბევრი კოზირი გაუცუდდათ. ყველამ გაიგო, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი ივანიშვილისთვის დიდი კრახია. მან იდეოლოგიური ბრძოლა მთლიანად წააგო. ახლა ყველაფერი ტექნიკის საკითხია და ტექნიკა ჩვენი გამოსამუშავებელია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი შეეხო ელჩების თემასაც. მისი აზრით, საქართველოს პრობლემა იმაშია, რომ პრაქტიკულად საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ახლა მიიღება ძალიან დაბალ დონეზე.

„ჩვენი გამარჯვების გასაღები არის ჩვენს ხელში. ის არ არის არც ერთ უცხოურ დედაქალაქში. რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ უცხოელებთან, უნდა ავუხსნათ რა მოხდა სინამდვილეში. მე ადრე ვიღებდი ყურმილს და ნებისმიერ დროს ვურეკავდი ამერიკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ამათ ახლა ვინმეს რომ დაურეკონ, თვეობით უნდა იდგნენ რიგში. ახლა საქართველოს მიმართ იმდენად დაბალი ინტერესია, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან დაბალი დონით. ამიტომ მათზე ენერგიის ხარჯვას არავის ვურჩევ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე“.

მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან მნიშვნელოვანია. საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ იარსებებდა რომ არა ამერიკის პირდაპირი ჩარევა 2008 წელს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაგზავნა ამერიკის მე-6 ფლოტი და რუსეთს შეაწყვეტინა საქართველოს დაბობვა.

„კამპანიების აგორება იმაზე, რომ გაიწვიონ ან გამოიწყვიო ელჩი, არაფერს მოგვცემს. ელჩი არის შემსრულებელი, როცა არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი ელში, ან შეიძლება იყოს უარესი. ზოგიერთი ელჩი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი, ზოგიერთი - არა. საბოლოო ჯამში, თუ არის რამე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ. თუ პოლიტიკა არ არის, ადგილზე თავისთვის იღებენ გადაწყვეტილებას. არ შეიძლება გამოირიცხოს ლობიზმის ელემენტები, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა დავიციკლოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.