NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 7 იანვარს შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში გამართავენ.
მინისტრები განიხილავენ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას უკრაინასა და მის ირგვლივ, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხებს.
ალიანსის ცნობით, შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
NATO შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო გაძლიერებით უკრაინის საზღვრის გასწვრივ, დასავლური სამხედრო ალიანსი თვეების განმავლობაში ცდილობდა, NATO -რუსეთის საბჭოს შეხვედრის ორგანიზებას.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლების ორმხრივი მოლაპარაკებები 10 იანვარს არის დაგეგმილი. 10 იანვრის შეხვედრა გაიმართება სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ჟენევის სამიტზე წამოიწყეს.
„აშშ მოუთმენლად ელის რუსეთთან ურთიერთობას. როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთება მოლაპარაკების მაგიდასთან დააფიქსიროს და ჩვენც ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
AFP 28 დეკემბერს წერდა, რომ მოსკოვისა და NATO-ს წარმომადგენლები სავარაუდოდ 12 იანვარს შეხვდებიან, ხოლო რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელშიც შედის შეერთებული შტატები, 13 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.