ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს

ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების განახლებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, 2021 წლის 31 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება ერთი მილიონი ლარია, სამუშაოს შესრულების ვადა არის 2022 წელი.

გამარტივებული შესყიდვის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი არის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ და დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ზრდა-განვითარებისათვის, შესაბამისად აღნიშნული პროექტის სრულყოფილი და წარმატებული განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა“, - წერია ტექსტში მედიის ცნობით.