"ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.
დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში.
“ჩემი აზრით, ეს არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა. ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია, როგორც თემატურ საკითხებზე იგივე თუნდაც ჯანდაცვაზე მსჯელობისას, ასევე ზოგადად პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის. მე მართლაც იმედი მაქვს იმის, რომ ის სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოლაპარაკებისთვის და კონსესუსის მიღწევისთვის ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული; თუნდაც მათი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. სხვა მხრივ, ეს არ იქნება ოპტიმალური ფუნქციონირება ასეთი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტისა“,-აცხადებს სერგეენკო.
სერგეენკო აცხადებს, რომ არ არის იმის ფუფუნება თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამის გამო საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტოს.
„ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ნორმალური ფუნქციონირება. არ იქნება პარლამენტის სრული სიმძლავრის გამოყენება იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი არის პირველი მნიშვნელობის ინსტიტუცია. მეორეს მხრივ, ჩვენ იმდენი გამოწვევები გვაქვს სახეზე, რომც გაქრეს კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური ვარდნა გლობალური და მათ შორის ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი იქნება, თუ მთავრობამ არ გააგრძელა ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, იმის ფუფუნება რომ დისკომფორტის გამო, რადგან ოპოზიცია არ შემოვა, შევწყვიტოთ ფუნქციონირება, ამის საშუალება არ გვექნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.