აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაციას შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს.

„ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან С-400-ის სისტემა შეიძინა. თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსთვის დაწესებული დღევანდელი სანქციები ცხადყოფს, რომ აშშ სრულად განახორციელებს „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონს. აე მოვითმენთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

„სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა.

„თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამერიკაც ნატოს წევრი სახელმწიფოა. თურქეთი ალიანსის წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. თუ ადრე ტრამპი ან ობამა ამბობდნენ, რონ ნატოში ისეთი ქვეყანაა, როგორიც თურქეთია, ახლა აშშ სანქციებზე საუბრობს. ეს ნატოს ფარგლებში პარტნიორის უპატივცემულობაა. მე ამას ასე ვხედავ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტო.თურქეთი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციების წინააღმდეგ.

„თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.