სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში ყველა მხარეს საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს და ქონების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ჩვენ ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტ სერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა“, - აღნიშნულია პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო.

ვითარება ყაზახეთში