შეერთებული შტატები მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავიდან აირიდოს ესკალაცია.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
ფსაკიმ ისაუბრა რუსეთის ფედერაციაში გაკეთებულ კომენტარებზეც, თითქოს ვაშინგტონი მონაწილეობდა ყაზახეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.
„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რუსეთიდან, რომ ამის უკან აშშ დგას (საპროტესტო აქციები ყაზახეთში - რედ.). ხაზს ვუსვამ, რომ ისინი აბსოლუტურად ცდებიან. ეს არის რუსული დეზინფორმაციის შესახებ სტანდარტული ინსტრუქციების ნაწილი. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ ბოლო წლებში“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.