საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.
ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს