სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება შეეხება ბენზინსა და დიზელზე ფასებსაც. დაწესდა ზღვრული ფასები საცალო გაყიდვებზე.
ცენტრალური აზიის ქვეყანაში თხევადი გაზის (LPG) ფასი გაორმაგდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირას საწვავის ფასზე მატებამ გამოიწვია პროტესტი, ის სწრაფად გაფართოვდა და სხვა პოლიტიკურ მოთხოვნებსაც მოიცავდა.
სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ უშიშროების ძალების 13 ოფიცერი დაიღუპა, მათგან ორს კი თავი მოკვეთეს, 353 ადამიანი დაიჭრა არეულობის დროს. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯამში 1000 ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცნობით, ალმათიში ჩატარებული რეიდის დროს, პოლიციამ 2 ათასამდე დემონსტრანტი დააკავა.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მოუწოდა ყაზახეთს შეწყვიტოს „რეპრესიული პასუხი".
მარი სტრუტერსმა, ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, საპროტესტო აქციებს „ხელისუფლების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების წინააღმდეგ ფართო რეპრესიების პირდაპირი შედეგი“ უწოდა.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე: