ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ, „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.
ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები, რომლებიც იარაღის დაყრაზე უარს იტყვიან, განადგურდებიან.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს