NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხის განსახილველად საგანგებო ვირტუალურ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს.

„NATO რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგული რჩება: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შინაარსიანი დიალოგის ჩათვლით. პოზიტიური სიგნალია, რომ რუსეთი მზადაა, წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და NATO ყველა ძალისხმევას მიმართავს, რომ მოძებნოს პოლიტიკური გზა წინსვლისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ დიალოგი იყოს შინაარსიანი, რუსეთმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მოკავშირეების დიდი ხნის შეშფოთება მის ქმედებებთან დაკავშირებით. დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა ძირითად პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ფინეთი და შვედეთი, ასევე ევროკავშირი.

დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება და რუსეთისთვის მძიმე ფასი ექნება. მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას და სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც პრინციპისადმი, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი გზა და ის, რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO ყოველთვის მიიღებს აუცილებელ ზომებს მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით.

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.