NATO ძალიან ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში არსებულ ვითარებას, განაცხადა ალიანსის გენმდივანმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
„შეშფოთებულები ვართ. ვწუხვართ ადამიანების დაღუპვის გამო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალადობის დასრულება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მშვიდობიანი დემონსტრაციისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით.
ყურადღებით ვაკვირდებით და შეშფოთებულნი ვართ შექმნილი სიტუაციით. საჭიროა ძალადობის შეწყვეტა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ძალადობა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.