არეულობა ყაზახეთში: მთავრობამ რუსეთის დახმარება ითხოვა, ამ სათაურით BBC ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს სტატიაში აღწერს.
ავტორი წერს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ.
„როგორც ცნობილია, 5 იანვარს, პრეზიდენტმა თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პროტესტი თავდაპირველად საწვავის ფასების მატებამ გამოიწვია, მაგრამ გაფართოვდა და სხვა პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ არეულობა უცხოეთში გაწვრთნილი „ტერორისტული ბანდების“ მუშაობის შედეგი იყო.
თუმცა, ლონდონის საგარეო საქმეთა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ის ცენტრალური აზიის ექსპერტმა, განაცხადა, რომ პროტესტი არის „ძალიან ღრმა და ჩამქრალი ბრაზისა და წყენის სიმპტომი მთავრობის წარუმატებლობის გამო, რომელმაც არ მოახდინა თავისი ქვეყნის მოდერნიზება, არ გაატარა რეფორმები.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ასევე მოიცავს ღამით კომენდანტის საათს და მასობრივი შეკრების აკრძალვას. მან პირობა დადო, რომ საპროტესტო აქციებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - იტყობინება BBC.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლისას დახმარებას სთხოვდა CSTO-ს - სამხედრო ალიანსს, რომელიც შედგება რუსეთისა და ხუთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოსგან.
„მოგვიანებით, CSTO-ს თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა განცხადებით Facebook-ზე, რომ ალიანსი გაგზავნის სამშვიდობო ძალებს „შეზღუდული ვადით“.
პრეზიდენტი თოყაევი მხოლოდ მეორე ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობს ყაზახეთს 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მისი არჩევა 2019 წელს დაგმო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), დემოკრატიული სტანდარტებისადმი პატივისცემის ნაკლებობის გამო.
თუმცა, ქუჩებში ბრაზის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევისკენ იყო მიმართული. პროტესტის მონაწილეებმა მისი ძეგლიც ჩამოაგდეს.
ყაზახეთის მთავარი აეროპორტის თანამშრომლებს ანტისამთავრობო დემონსტრანტებისგან გაქცევა მოუწიათ, რომლებიც ასევე დაესხნენ თავს სამთავრობო შენობებს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ალმათის მერის ოფისთან, სოციალურ მედიაში ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდის, ასევე ისმის სროლის ხმა.
ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი.
დასავლეთის ქალაქ აქტობეში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალები ზოგან მომიტინგეების მხარეს არიან.
თუმცა, მკაფიო სურათის მიღება იმის შესახებ, რა ხდება ცენტრალური აზიის ქვეყანაში, რთულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები უშიშროების ძალებს შორის დაღუპულთა შესახებ, მაგრამ არ გავრცელებულა ცნობები სხვა დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ მომიტინგეებს შორის“, - წერს BBC.
სტატიის ბოლოს, ჟურნალისტი აღნიშნავს: „საპროტესტო აქციების უეცარმა გადაზრდამ ძალადობაში, ბევრი გააკვირვა, როგორც ყაზახეთში, ასევე უფრო ფართო რეგიონში და მიანიშნა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ საწვავის ფასების ზრდას.
„ეს არის ტრადიციულად სტაბილური ცენტრალური აზიის სახელმწიფო, რომელსაც ხშირად ავტორიტარულს უწოდებენ. 2019 წლამდე მას მართავდა პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომლის მმართველობა შეიცავდა პიროვნების კულტის ელემენტებს, რაც მისი ქანდაკების აღმართვაში გამოიხატებოდა, დედაქალაქს კი მისი სახელი დაარქვეს.
ყაზახეთში არჩევნების უმეტესობას იგებს მმართველი პარტია ხმების თითქმის 100%-ით და ქვეყანას არ ჰყავს ეფექტიანი ოპოზიცია.
ანალიტიკოსები, რომელთაც ვესაუბრე, ამბობენ, რომ ყაზახეთის მთავრობამ აშკარად ვერ შეაფასა მოსახლეობის გაბრაზების დონე და რომ ეს პროტესტი გასაკვირი არ იყო ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატია“. ხალხის საჩივრები, რა თქმა უნდა, ეხება ბევრად უფრო ფართო საკითხებს, ვიდრე მხოლოდ საწვავის ფასს“.
ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის
ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა