30 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ეკონომიკაში $53,7 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა

30 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანიებმა ყაზახეთის ეკონომიკაში $53,7 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელეს. ეს არის 2021 წლის ივნისის მონაცემები, რომლებსაც Europetime გაეცნო.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითად მიიჩნევა ენერგეტიკულ სფეროში პარტნიორობა, რომელიც Tengizchevroil-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ყაზახეთში 600-ზე მეტი ამერიკული კომპანია მუშაობს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგმა შეადგინა 166,4 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის 38 მილიარდი - აშშ-დან.

„2021 წლის იანვარში AIFC-ი ყაზახეთის სახელით შეუერთდა ცენტრალური აზიის საინვესტიციო პარტნიორობას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აქვე შეფასებულია საინვესტიციო კლიმატზე რეფორმების გავლენის მნიშვნელობა.

„2020 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა თოყაევმა გამოაცხადა ახალი ეკონომიკური რეფორმის დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განხორციელების შემთხვევაში მიზნად ისახავს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. მიუხედავად ინსტიტუციური და სასამართლო რეფორმებისა, კვლავ რჩება შეშფოთება კორუფციის, ბიუროკრატიის, თვითნებური კანონის აღსრულებისა და გარკვეულ რეგიონებში გამოცდილი მუშახელის შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ“, - ვკითხულობთ ტექსტში.

ყაზახეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ყაზახეთს შედარებით მიმზიდველ ადგილად მიიჩნევდნენ თავიანთი ოპერაციებისთვის და საერთაშორისო ფირმებმა იქ რეგიონული შტაბ-ბინებიც დააფუძნეს.

შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას 1994 წელს მოაწერეს ხელი.