რუსეთთან მოლაპარაკებების წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, რა დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და რა საკითხების წამოჭრას აპირებს შეერთებული შტატები. ბლინკენი აცხადებს, რომ დათმობები არ იქნება და არსებობს ორი გზა და პუტინმა მათ შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. რას სთვაზობს და რას ელის აშშ მოლაპარაკებებისგან, ამ საკითხებზე ინტერვიუს თარგმანს Europetime გთავაზობთ.
CNN: პრეზიდენტი პუტინი აღმოსავლეთ ევროპიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას ითხოვს, მას ასევე სურს, გამორიცხოთ NATO-ს გაფართოება. არის თუ არა რომელიმე საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე?
სახელმწიფო მდივანი: არა, მაგრამ გეტყვით, რომ ორი გზა არსებობს: პირველი - დიალოგისა და დიპლომატიის, რათა თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება. მეორე - დაპირისპირების და მძიმე შედეგების რუსეთისთვის, თუ ის განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვაპირებთ, გავიგოთ, რომელი გზის გასავლელად არის მზად პრეზიდენტი პუტინი.
მნიშვნელოვანი საუბრები გველის ხვალიდან, როგორც NATO-ში, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ჩვენ ვაპირებთ, მოვისმინოთ რუსეთის შეშფოთება. მათ მოუწევთ ჩვენი შეშფოთების მოსმენა. თუ ისინი კეთილსინდისიერად იმოქმედებენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს ორივე მხარის შეშფოთების მოგვარებაში, რაც შეამცირებს დაძაბულობას და შედეგს მოიტანს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.
ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით რუსეთს, რომ ევროპის გარეშე ევროპის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პრეზიდენტ პუტინის გადასაწყვეტი, თუ რომელ გზას გაჰყვება.
არ ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში რაიმე გარღვევას ვიხილავთ. ჩვენ შევძლებთ საკითხების წამოჭრას მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსები იგივეს გააკეთებენ, და ვნახავთ, იქნება თუ არა წინსვლის საფუძველი.
პირველ რიგში, ნებისმიერი პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ, ორმხრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს - თუ შეერთებული შტატები და ევროპა დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთის ზოგიერთი შეშფოთების გადასაჭრელად, რუსეთს იგივეს გაკეთება მოუწევს.
თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესს, ჩვენ უნდა დავინახოთ დეესკალაცია და ის, რომ რუსეთმა უკან დაიხია იმ საფრთხისგან, რომელსაც ამჟამად უქმნის უკრაინას. თუმცა რთულია რეალური პროგრესის დანახვა, ესკალაციიას, უკრაინის თავზე იარაღის პირობებში. რუსეთმა არაერთხელ განახორციელა აგრესიული ქმედებები მეზობლების მიმართ: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა 2014 წელს და ახლა განახლებული საფრთხე უკრაინის მიმართ.
მეორე, არსებობს პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება: რომელიმე ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს მეორის საზღვრები; მას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს თავისი საგარეო პოლიტიკა და არჩევანი - და მისი არჩევანი; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, გავლენის სფეროები გამოიყენოს მეზობლების დასამორჩილებლად.
ეს ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არამხოლოდ ფხიზლად ვართ, არამედ გავაერთიანეთ ქვეყნები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, რათა რუსეთს მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ეს აგრესია არ იქნება მიღებული, დათმობები არ იქნება. ასე რომ, არჩევანი ახლა რუსეთზეა.
CNN: თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას მასიური შედეგები ექნება. რისთვის ხართ მზად?
სახელმწიფო მდივანი: როცა საქმე შედეგებს ეხება, ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. G7-მა, მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ეკონომიკებმა, მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსული აგრესიის განახლებას მასიური შედეგები მოჰყვება. ასეთი პოზიცია აქვთ აქვს ევროკავშირსა და NATO-შიც.
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით ყველა ამ ქვეყანასთან ბოლო კვირების განმავლობაში, რათა შეგვემუშავებინა ნაბიჯები, რომლებსაც ერთად გადავდგამთ რუსეთის განახლებული აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის ის, რაც წარსულში არ გაგვიკეთებია. წინა რუსული აგრესიის ფონზე იყო: ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებები. მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს საკმაოდ კარგად აქვს წარმოდგენილი, რის წინაშე აღმოჩნდება, თუ განაახლებს აგრესიას.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა შეძლოს თავის დაცვა. და ასევე ნათელია, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი.
ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელების 25 პროცენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ახლა ეს დაახლოებით 60 პროცენტია.
2014 წლის შემდეგ, NATO იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიის გამო მეტი ძალები და მეტი აღჭურვილობა განელაგებინა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთთან ახლოს. ამრიგად, პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმედებებით აჩქარებს იმას, რისი მიღებაც არ სურს.
პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ ვუბრუნდებით.
CNN: ფიქრობთ თუ არა მოსალოდნელია უკრაინაში შეჭრა?
სახელმწიფო მდივანი: ვერ გეტყვით, სავარაუდოა თუ არა. შემიძლია გითხრათ: ჩვენ ერთგული ვართ დიალოგისა და დიპლომატიის გზის, რათა დავინახოთ, შევძლებთ თუ არა ამ გამოწვევების მოგვარებას მშვიდობიანი გზით. ეს არის ბევრად სასურველი კურსი; ეს ყველაზე საპასუხისმგებლო კურსია. მაგრამ ამავე დროს, მზად ვართ ძალიან მტკიცედ მოვექცეთ რუსეთს, თუ ის აირჩევს კონფრონტაციას, თუ ის აირჩევს აგრესიას.