ნათია თურნავა: ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე გაიზარდა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, "ფაო"-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა", - განაცხადა თურნავამ.