„ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობისა და მასზე მორგებული დოზების საჭიროების შესახებ ახალი მონაცემები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მეტი კვლევის საჭიროებაზე მიუთითებს იმის დასადგენად, იცავს თუ არა არსებული ვაქცინები საკმარისად „ომიკრონისგან“.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ დამატებითი მონაცემები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობისა და ამ ვარიანტზე მორგებული დოზების საჭიროების შესახებ უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

„საჭიროა შემდგომი კვლევა, რათა უკეთ გავიგოთ „ომიკრონის“ პოტენციალი, თავი აარიდოს ვაქცინით და ინფექციით გამომუშავებულ იმუნიტეტს და მისი სპეციფიკური რეაგირება ვაქცინაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის წამლის სააგენტო წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ვაქცინა კვლავ ეფექტური საშუალებაა „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის აღნიშული ვარიანტით დაინფიცირდება.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა დაამატა, რომ ჯერ ნაადრევია კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.