ირაკლი კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში არსებითი ცვლილება არ მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ სამთავრობო გუნდში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ, პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

„არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა. ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრის ნაწილშია ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოეს დღეებში. მისგან მოვისმენთ პირველ რიგში მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიმართება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს „ქართული ოცნების" ოფისში არიან შეკრებულები.