პიტერ სტანო: კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ევროკავშირი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობს

აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით, ევროკავშირმა პოზიცია დააფიქსირა. პრესსპიკერ პიტერ სტანოს თქმით, მიღებული ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების აუცილებლობას.

„ცეცხლის განახლების, დაჭრილებისა და გარდაცვლილის შესახებ ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალების დისტანცირებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების აუცილებლობას. ევროკავშირი კონფლიქტის ყოვლისმომცველი დარეგულირების ხელშეწყობისთვის ორივე მხარესთან მუშაობს“, - წერს პიტერ სტანო Twitter-ზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.