მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში - გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები (ქვეყნდება წელიწადში ორჯერ), რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგნოზები.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5. პროცენტიან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა.

რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: (i) ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და (ii) COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ძლიერი აღმასვლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მკაფიოდ გამოხატული შენელების ფაზაში შედის.

COVID-19 -ის ახალი ვარიანტების და ინფლაციის, ვალის და შემოსავლების უთანასწორობის ფონზე, ამას ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის.

მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სიჩქარის შემცირება 5.5. პროცენტიდან (2021 წელს) 4.1 პროცენტამდე (2022 წელს) და შემდეგ 3.2 პროცენტამდე (2023 წელს), მსოფლიოს მასშტაბით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შემცირების და ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის ზრდის პარალელურად.

„ვარიანტ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით, უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში. იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია.

„მსოფლიოს ეკონომიკა ერთდროულად დგას COVID19-ის, ინფლაციის და დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობის წინაშე, ხოლო მთავრობებს სახელმწიფო ხარჯებისა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა მანამდე უცნობი, ახალი გარემოებების გათვალისწინებით უწევთ. უთანასწორობის ზრდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები განსაკუთრებით საზიანოა განვითარებადი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით, „უფრო მეტი ქვეყნის დაყენება განვითარების ხელშემწყობ გზაზე, მოითხოვს შეთანხმებულ საერთაშორისო მოქმედებას და ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე საპასუხო ღონისძიებებათა ყოვლისმომცველ პაკეტს.“

მოწინავე ქვეყნებში მოსალოდნელია ზრდის შემცირება 5 პროცენტიდან (2021 წ) 3.8 პროცენტამდე (2022 წელს) და 2.3 პროცენტამდე (2023 წელს), რაც კლების მიუხედავად საკმარისი იქნება აღნიშნულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის და ინვესტიციების მოცულობის დასაბრუნებლად პანდემიამდე არსებულ დონეზე.

თუმცა, ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 6.3 პროცენტიდან (2021) 4.6 პროცენტამდე (2022 წელს) და 4.4 პროცენტამდე (2023 წელს).

მოწინავე ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა 2023 წლისთვის წარმოებული პროდუქციის მოცულობის აღდგენას მიაღწევს; ხოლო ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეზე 4 პროცენტით ნაკლები იქნება. ბევრი მოწყვლადი ქვეყნისთვის ჩამორჩენა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდება: წარმოებული პროდუქციის მოცულობა ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, პანდემიამდელ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლები იქნება, ხოლო მცირე კუნძულ სახელმწიფოებში კი 8.5 პროცენტით ნაკლები.

მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გლობალურად და მოწინავე ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უმაღლეს დონეს აღწევს 2008 წლიდან მოყოლებული. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე.

„საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5 პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას.