„ქართული ოცნების“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას აფასებენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს.

„ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება ვაშაძე მერაბიშვილს და სხვებსაც გულისხმობდა. ისინი შლიან დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები.

ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ე.წ. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს რეალურად შლიან ოპოზიციას. ოპოზიციაში ჯანსაღი პროცესები მიდის და ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს. ამაში რომ ეს ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა დღეს დატოვა.

სოციალურ ქსელში ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია. მან პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად, პარტიაში ოდიოზური ფიგურების არსებობა დაასახელა.