ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 75 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მხარდაჭერა ვრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებზეც.
„ეს ინვესტიცია წარმოადგენს პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ მყისიერი რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და საქმიანობის შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. 2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად.
ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის საქართველოს ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას COVID-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის - ლარში.
„როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე.
„ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.
საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო მიმზიდველია COViD19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად. ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მესამე ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ტექსტში.