„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურებიან

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პარტიიდან წასვლა ენმ-სთვის დიდი დანაკლისია. ამის შესახებ სამადაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. „თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, - წერს სალომე სამადაშვილი.

ხატია დეკანოიძე ვაშაძის განცხადებას შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. „ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. არც ერთ განცხადებაში ენმ-ს, არც ერთი ლიდერის მიერ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ სურვილი, სხვა რომელიმე წევრს ჯერ არ გამოუთქვამს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირეძე ვაშაძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

ნუგზარ წიკლაური ხატია დეკანოიძის აზრს იზიარებს და აცხადებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიული გეგმის წარდგენას ვაშაძისგან ელოდა.

„თუ ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკური ან სტრატეგიის თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა მისგან სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, რომ პარტიაში ოდიოზური ფიგურები გამოჩნდნენ, ჩემთვის უცნობია, ოდიოზურ ფიგურებში ვის გულისხმობს ბატონი გრიგოლი. მე დღეს ვნახე ოდიოზური ფიგურები - თეა წულუკიანი და სხვა წევრები, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

წიკლაურის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ დასხმია თავს არც ერთ დიპლომატს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად ე.წ. პარლამენტში არ შევალთ და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ არ გადაგვილახავს ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ დღეს დატოვა.