ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა

„დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს „ომიკრონის“ ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძელმძღვანელმა.

„დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის.

არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები „ომიკრონის“ დროს, განსაკუთრებით აცრილებში და „ბუსტერით“ ვაქცინირებულებში. ამიტომ, „ბუსტერიზაცია“, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება - თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი2“-თან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 ადამიანი, 24 პაციენტი გარდაიცვალა.