"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. ამის შესახებ მან განცხადება თავისი facebook-ის გვერდზე სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშორებით.

1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია" - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ის ასევე შეეხო ელჩების საკთხს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ელჩების კრიტიკა.

"დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.

ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ შევაჩერო საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ჩემი წევრობა.ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი." - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი თავის facebook გვერდზე.

როგორც თავად აღნიშნავს, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას მედიასთან არ აპირებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 22-მა საარჩევნო სუბიექტმა პროპორციული არჩევნებისათვის, ხოლო 46 კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნებისათვის.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 314 889. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 205-მა ამომრჩეველმა. (59, 13%). პროპორციული წესით 31 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 2-მა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ (45.9%-ით) და საარჩევნო ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ (34.% - ით). არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა N28 და N30 მაჟორიტარულ ოლქებში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (243 892) 30%-მა, 73 833-მა ამომრჩეველმა.