რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა

სანატორიუმ „ქართლთან“, დევნილის ცხედარი მისმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საცხოვრებელ სახლში შეასვენეს. მომხდარს პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მანამდე, მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევდა, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილე შეკრებილების თქმით, ცხედრის გადასვენება არ მოხდება ვიდრე თბილისის მერიის წარმომადგენლები ადგილზე არ მივლენ და არ ნახავენ, როგორ ვითარებაში ცხოვრობენ დევნილები.

ასევე წაიკითხეთ: თბილისის ზღვის მიმდებარედ, პოლიციაა მობილიზებული

ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. აცხადებენ, რომ კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 50 წლამდე კაცი საცხოვრებელი ბინიდან გადახტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმი „ქართლის“ ერთ-ერთი მცხოვრების თამარ საუთიევას ინფორმაციით, დღევანდელი ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო.

დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, - აღნიშნა თამარ საუთიევამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.

„იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ“, - ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.