ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვაზე გააკეთა კომენტარი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის და ამის გარდა დასაქმებულებს კიდევ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი.
„ხელფასების განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის და ამის გარდა კიდევ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი.
აქედან ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით შეუძლიათ, თითქმის 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც არის ფიქსირებული. დღევანდელი რეალობისთვის მათი დატვირთულობიდან გამომდინარე მათი ხელფასი ადეკვატურია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.
16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 %-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-ამდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-ამდე გაეზრდება.
აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან მატებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, არსებული ხელფასები სხვადასხვა სპეციალისტს და სოციალურ აგენტებს საარსებოდ არ ჰყოფნით.
ამავე თემაზე: