ეკონომიკის მინისტრი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება ინფლაციური კომპონენტის კომპენსაციაა

"სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება არის იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაცია, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს", - ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის დეკემბერში, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება. 2020-ში და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა, ეს სუბსიდია ყოველთვის იყო მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო, ასე ვთქვათ, რთული ეკონომიკური ვითარებით - იყო პანდემიის პიკი, ახალდაწყებული იყო კოვიდ-პანდემია და იყო, რა თქმა უნდა, იყო გამართლებული ჩვენი მიდგომა, მაგრამ, ზოგადი ხედვა არის ის, რომ ასეთი სუბსიდია უნდა იყოს უფრო მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ეს ყველაზე მეტად წაადგება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან, ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, იმიტომ, რომ სხვადასხვა კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსიბსირდებოდათ როგორც შეძლებულ, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს.

„ამიტომ, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და, კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი და მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.