„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო NATO-ს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა NATO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას.
დავით ზალკალიანის თქმით, NATO-ს მხრიდან არის მზაობა, რომ გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი და არსებობს მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელია საუბარი, თუმცა, მინისტრის განმარტებით, არ იქნება კომპრომისი იმ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღის წესრიგი NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით შენარჩუნებული იქნება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ NATO-ელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში, რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს და რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, ყველა ჩატარდეს შესაბამის ვადებში და დატვირთული იყოს იმ შესაბამისი შინაარსით, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდოთ მადრიდის სამიტზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია