გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის საერთაშორისო ბანკთაშორის SWIFT სისტემაზე წვდომის შეზღუდვა მსოფლიო ბაზრებზე „ატომური ბომბის“ ეფექტს მოახდენს. პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის გათიშვამ SWIFT-დან „შეიძლება შეარყიოს ამ საერთაშორისო გადახდის სისტემის საფუძვლები“. მერცი შიშობს, რომ ამას სერიოზული შედეგები ექნება არამარტო ევროპულ-რუსულ, არამედ მსოფლიო ვაჭრობისთვის.
„SWIFT სისტემისადმი ნდობის დაკარგვა შეიძლება ატომური ბომბივით იყოს როგორც კაპიტალის ბაზრებზე, ასევე საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე. ეს გავლენას მოახდენს რუსეთზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ჩვენ, როგორც მთავარ ექსპორტიორ ძალას“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, დემოკრატთა ჯგუფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით აშშ-ის სენატს წარუდგინა კანონპროექტი სახელწოდებით „უკრაინის სუვერენიტეტის 2022 წლის აქტი", რომელიც ასახავს რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში.
ეს გულისხმობს სანქციების დაწესებას რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და თავდაცვის მინისტრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სამხედრო ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის წვდომის შეზღუდვას საერთაშორისო ბანკთაშორის გადახდების სისტემაზე - SWIFT.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებული რეზოლუცია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრას გმობს და რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარა. მისივე მიხედვით, სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან რუსეთის გარიცხვას.