ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს სამი მოქალაქე, მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მათ ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს. ორგანიზაცია უკანონოდ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას არ ავრცელებს. მათ დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ.
14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს უნდა მიეწოდებინა, თუმცა რუსულმა მხარემ დამატებით 20 დღე ითხოვა. 20 იანვარს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე და ბოლო დროს განახლებულ „ბორდერიზაციის“ პროცესზე იმსჯელებენ.
ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.