უკრაინის გარშემო დაძაბულობა პიკს აღწევს. ექსპერტები ომის რეალურ საფრთხეზე საუბრობენ. მსოფლიო აშშ-სა და რუსეთის მხრიდან, წინადადებებზე წერილობითი პასუხების მოლოდინშია, პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურები კრემლის მკაფიო გეგმაზე მიუთითებენ, ჩამოშალოს უკრაინა. მაგალითად, ბრიტანეთი იტყობინება, რომ ფლობს ინფორმაციას რუსეთის მთავრობის მიზნებზე, კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნის“ შესახებ. რა მოლოდინი აქვთ უკრაინაში და როგორ აფასებენ საფრთხეებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, Europetime უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ უსაფრთხოების კვლევების დირექტორს ჰანა შელესტს ესაუბრა.
_დავიწყოთ „ასოცირებულ ტრიოზე“ საუბრით, რადგან ეს იყო თემა, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები განიხილავდით უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. რატომ არის ეს ფორმატი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია, რადგან გარკვეული ცვლილებების მიღწევა ან პოზიციების დაცვა ყოველთვის უფრო მარტივია, როცა ერთი ქვეყანა მარტო არ მოქმედებს. უფრო მაღალი ხმა და ძლიერი პოზიცია მნიშვნელოვანია და საჭიროებს კოორდინაციას. სამივე ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციები, მაგრამ ამავდროულად, გვაქვს ძალიან პრაქტიკული საკითხები ევროკავშირთან ურთიერთობებში წინსვლისთვის, როგორიცაა როუმინგის, ღია ცის შეთანხმებები და ა.შ., რომლის პოპულარიზაციაც შესაძლებელია. ასევე გვაქვს ინდივიდუალური მიმართულებები.
გარდა ამისა, ეს სახელმწიფოები იზიარებენ როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებსა და რისკებს, ისევე გარე საფრთხეებს. როცა სამი პრეზიდენტი მოდის და გვესაუბრება, ამას ბრიუსელში ნამდვილად მეტი ფასი და ძალა აქვს, ვიდრე ცალკეული მიდგომები. გარკვეულწილად, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვიშეგრადის ქვეყნების გზას ვახსენებთ, იგივე მიზნებითა და გადაწყვეტილებებით. დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის, ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური გზავნილია და მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროინტეგრაციას.
_ამჟამინდელი კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე. ეს ქვეყნები მუდმივარ არიან რუსული საფრთხის სამიზნეები.
ახლა მთავარი საკითხია, როგორ იზიარებენ ქვეყნები მათ მისწრაფებებს და როგორ აღიქვამენ საფრთხეებს. მეორე მხრივ, მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა გადაწყვეტილებასაც... მაგალითად, უკრაინას და საქართველოს სურთ, გახდნენ NATO-ს წევრები და დაინტერესებულნი არიან მეტი დაცვის მექანიზმების მოძიებითა და თანამშრომლობის გაღრმავებით, რასაც მოლდოვაზე ვერ ვიტყვით, ის გარკვეულ დონეზე თანამშრომლობს ალიანსთან.
ამრიგად, ეს სამი ქვეყანა აღიქვამს ამ ფორმატს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის მექანიზმს და არამხოლოდ უსაფრთხოების საკითხებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას. შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების საკითხები, როგორიცაა მდგრადობა, კიბერ საკითხები ან კრიტიკული ინფრასტრუქტურა განიხილებოდეს ევროკავშირთან ურთიერთობაში? უსაფრთხოება და კონფლიქტები არ არის ის თემები, რისთვისაც ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, იმუშაოს ისეთ დონეზე, როგორც ეს ამ ქვეყნებს სურთ.
_ახლა, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკრაინას, სადაც რუსეთის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა მის საზღვრებთან; თქვენმა კოლეგებმაც ახსენეს კონფლიქტის საფრთხე; თქვენ წარმოადგენთ ამ ქვეყანას (უკრაინას), კარგად იცნობთ ადგილზე ვითარებას და საინტერესოა თქვენი ხედვა როგორია მოვლენების?
ომის საფრთხე რვა წელია, მაღალია. ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ადრე. ამავდროულად, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ეს ძალები კუნთების თამაშისთვის - მოლაპარაკებებში პოლიტიკური ფსონების ასამაღლებლად. მათ გადაისროლეს მეტი ძალა და მეტი სტრატეგიული იარაღი მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სერიოზულად უყურებენ თავიანთ მოთხოვნებს. ამიტომ, პანიკას არ უნდა მივეცეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ დავიცვათ თავი და შევინარჩუნოთ კონტაქტი ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ მარტო არ ვართ.
_ასეთ სიტუაციაში რას ელოდებით დასავლეთისგან, მაგალითად, ალიანსის წევრობა რამდენად იქნებოდა რელევანტური პასუხი?
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვეშინია ევროპის ბევრი ქვეყნის, რომლებიც მხარს არ უჭერენ უკრაინის და საქართველოს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ალიანსში, რადგან თვლიან, რომ ამ აქტით რუსეთის პროვოცირებას მოახდენენ. მათ ეშინიათ, მოგვცენ MAP-ი, რადგან თავდასხმის შიშით აქვთ. მაგრამ რუსეთი NATO-ს უკვე განიხილავს საფრთხედ, მან უკვე გამოიწვია კონფლიქტი ევროპაში, და ახლა ბევრი სვამს შეკითხვას, მოიქცევა თუ არა ასე, თუ უკრაინასა და საქართველოს ექნებათ წევრობის სამოქმედო გეგმა. უკრაინამ და საქართველომაც უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. არ აქვს მნიშვნელობა, მას MAP-ს ვუწოდებთ თუ ინდივიდუალურ გეგმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თანამშრომლობის რეალურ გეგმაზე, რომელიც იქნება ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ გვქონია.
_უფრო კონკრეტულად, რა შეიძლება იყოს ეს გეგმა?
ვგულისხმობ იმას, რომ ვიყოთ თითქმის წევრები თანამშრომლობის კუთხით ფორმალური წევრობის გარეშე, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს განცხადებებში, თუ რატომ გვსურს წევრობა, და ეს არ არის მხოლოდ დაცვა რუსული აგრესიისგან, რადგან ჩვენ მზად ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ევროატლანტიკურ და ევროპულ უსაფრთხოებაში. ამიტომ ბევრი ქვეყანა ელოდება, რომ ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ უსაფრთხოების მომხმარებლები; ჩვენ გვჭირდება მე-5 მუხი, მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ უსაფრთხოების დამცველები ევროპის სხვა ქვეყნებისთვის.
_როგორია თქვენი მოლოდინი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით?
ახლა ჩვენ ნამდვილად ველოდებით უკრაინის საზღვარზე მინიმუმ ესკალაციის შემცირებას. ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი დათმობს პოზიციებს ან NATO დაეთანხმება რუსეთის ულტიმატუმს. მაგრამ თუ დაძაბულობის დონე შემცირდება და კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლებს, ეს უკვე კარგი შედეგი იქნება. თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს. რუსეთს ეს მოლაპარაკებები შიდა პროპაგანდისთვისაც სჭირდება, რათა აჩვენოს, რომ ის წყვეტს ახლა ევროპის მომავალს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, როგორც საბჭოთა პერიოდში. გარდა ამისა, ეს დიალოგი სჭირდება საერთაშორისო ნარატივების პოპულარიზაციისთვის, რათა აიძულოს პარტნიორები, აირჩიონ მხარეები და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს ეჭვი უჩნდებოდეს, აქვს თუ არა რუსეთს ასეთი ქცევის მიზეზები.