დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება და ეს იქნება მისი სტრატეგიული შეცდომა. ლიზ ტრასის კომენტარი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ „რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნას“ ცდილობს“.
„ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათელს ხდის რუსეთის ქმედებების მასშტაბებს, რომლებიც უკრაინის ჩამოშლას ითვალისწინებს. რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და გაგრძელდეს დიპლომატიის გზა. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა და მას დიდი ფასის გადახდა მოუწევს. ასევე ნათელია დიდი ბრიტანეთის პოზიცია უკრაინის მიმართ. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა“, - აცხადებს ლიზ ტრასი.
მოსკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციად აფასებს.
ამავე თემაზე: