ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე: ჩვენ ამ ტაქტიკის შესახებ ვსაუბრობდით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში კრემლის გეგმებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტებმა მას ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, ბრიტანეთი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს, კიევში პრორუსი ლიდერი „დანიშნოს“.

„მე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო კონკრეტულად დაზვერვის ანგარიშებზე, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის ეს: ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ვაფრთხილებდით ზუსტად ასეთი ტაქტიკის შესახებ კვირების განმავლობაში და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე საჯაროდ, რომ რუსეთი შეეცდება, რაიმე გზით დაამხოს ან შეცვალოს მთავრობა.

სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ოთხ რუს აგენტს სანქცია დავუწესეთ, რომლებიც დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს მიმართავდნენ. ეს რუსული კრებულიდან არის. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა შეხედოს საკითხების მთელ ჯაჭვს, თუ რისთვის შეიძლება, რუსეთი უკრაინაში ემზადებოდეს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში პრორუსი ლიდერების „დანიშვნის“ შესახებ კრემლის გეგმა გამოაშკარავდა. უწყების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ბრიტანეთი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს, კიევში პრორუსი ლიდერი „დანიშნოს“.

CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაში პრორუსი ლიდერის „დანიშვნის“ შესახებ აშშ-ს დაზვერვასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც დიდ ბრიტანეთს.