აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-ის ჯარების გაგზავნას უკრაინაში, რომელიც არ არის NATO-ს წევრი, მაგრამ აღნიშნა, რომ განიხილავს პუტინის მიმართ პირდაპირი სანქციების დაწესებას და უკრაინაში რუსეთის შეჭრას „უზარმაზარი შედეგები“ მოჰყვება.
უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე პარტია 25 იანვარს მიიღო. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა 24 იანვარს განაცხადა, რომ დაახლოებით 8500 ამერიკელი ჯარისკაცი მოყვანილია გაძლიერებულ მზადყოფნაში და ელოდება ბრძანებას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებისთვის.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.
აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა