მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეზოლუციის დღის ბოლომდე დაინიცირდება.
„პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი.
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალააციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან. მისი თქმით, გააგრძელებენ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს.
თავის მხრივ,როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული.
„აღარ მოგვეცა საშუალება, ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია, დავაინიციიროთ ცალკე, შესაძლოა, კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიაა, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„რესპუბლიკელ“ ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო.
„მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფრთხილია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა, რომ ის მზად იყო, გაეთვალისწინებინა რიგი ფორმულირებებისა, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო რეალობას აცდენილი და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტონს. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გაითვალისწინა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია.
როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა [ტექსტი], როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, - დაამატა ხათუნა სამნიძემ.