ანდრიუს კუბილიუსი: ახლა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ჭკვიანურად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისათვის

ევროკავშირს არ აქვს „ხისტი ძალა“, მაგრამ მისი „რბილი ძალა“ უკიდურესად აშინებს პუტინსა და კრემლს და სწორედ ეს იქნებოდა ევროკავშირის მხრიდან ღირსეული პასუხი პუტინის აგრესიაზე. ამიტომ ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი კოლეგები ბრიუსელში, რომ ახლა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ჭკვიანურად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს.

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრით, დღევანდელი რეალობა ასეთია: ევროკავშირი ჯერ კიდევ ვერ აძლევს მათ წევრობის მკაფიო პერსპექტივებს. ამიტომ სხვა გზები უნდა ვეძებოთ და ასეთი გზა შეიძლება იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს ნათქვამი დევიზი „ყველაფერი, წევრობის გარდა“ - ანუ ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სიკეთეს მოუტანს ეს საქართველოს:

„მაგალითად, 1999 წელს ლიეტუვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP თვალსაზრისით) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 36%-ს შეადგენდა, ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის შემდეგ კი თითქმის 85%-ს აღწევს. მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვისაც, თუ მათ ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას ბრიუსელი მკაფიოდ განსაზღვრულ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცევს.

ეს იქნებოდა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი და ვცდილობთ, ამას მივაღწიოთ და გამოგვივიდეს. იგივე გზა გაიარეს სკანდინავიის ქვეყნებმაც 90-იან წლებში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს - ვფიქრობ, ამისთვის აუცილებელია ბრიუსელის მეტი და უფრო აქტიური ჩართულობა პროცესებში. თუნდაც იმავე საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ - თუ ევროკავშირი მეტ ამბიციას არ გამოიჩენს ინტეგრაციის კუთხით, რეფორმების ნაცვლად სტაგნაციას მივიღებთ. მარტო ფინანსური დახმარება და ინვესტიციები არაა საკმარისი - თუ ე.წ. გეოპოლიტიკური დღის წესრიგიც არ გვექნა, თანდათან მოიკლებს ამ ქვეყნების მოტივაციაც, სათანადო რეფორმები გაატარონ და, სამაგიეროდ, მივიღებთ მეტ პოლიტიკურ პოლარიზაციასა და შინაომებს, რასაც, თავისთავად ცხადია, კრემლი სათავისოდ გამოიყენებს.

აი, ასეთია ჩემი არგუმენტი და შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირშიც ესმით, რომ რაღაც ახალი და ხელშესახები გვჭირდება. საგულისხმოა, რომ ინსტიტუციების კომპონენტის გამოკლება ამ ყველაფერს ნაკლებად მგრძნობიარე საკითხად აქცევს, შესაბამისად, უფრო პოზიტიურადაც აღიქმება, მათ შორის, ფრანგი და გერმანელი კოლეგების მიერ. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეს სრულიად არ გამორიცხავს ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში სრულად გაწევრების შესაძლებლობასაც, პირიქით, ეს ხელშეწყობა და წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე“, - განაცხადა კუბიულსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი - ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან