დავით ზალკალიანი: თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს პოლიტიკური მანიპულაციების გამო აკრიტიკებენ. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი

„საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სუვერენიტეტი, ღია კარის პოლიტიკა, სუვერენული უფლება, ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული.

ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე.

ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გვაქვს“, - დაამატა მინისტრმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.